სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ გამოფენაში მონაწილე რამდენიმე კომპანიას - "ტყიბულის ჩაის", "გეოპლანტს", "ანასეულის ჩაის ფაბრიკას", "იმედს" და სხვებს სიგელები გადასცა.
მინისტრის განცხადებით, ქართული ჩაი იმსახურებს, რომ ადგილობრივ ბაზარზე მასზე უფრო დიდი მოთხოვნა იყოს. გოროზია იმედოვნებს, რომ საქართველოში ჩაის წარმოება გაიზრდება, რასაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჩაის პლანტაციების დიდი ნაწილი გავერანებულია, ბოლო პერიოდში ქართულ ბაზარზე ქართულ ჩაიზე მოთხოვნა იზრდება. დღეისათვის ქართულ ჩაის ადგილობრივი ბაზრის 20% უჭირავს, თუმცა ეს არაა საკმარისი. ჩვენი ჩაი იმსახურებს, რომ მასზე უფრო დიდი მოთხოვნა იყოს," - განაცხადა გოროზიამ.
ჩაის გამოფენა-გაყიდვის გამართვის მნიშვნელობაზე კომპანია "გეოპლანტის" ადმინისტრაციულმა დირექტორმა ვლადიმერ მესხმა ისაუბრა: "მსგავსი გამოფენები, ფაქტობრივად, კომპანიებისთვის უფასო რეკლამას წარმოადგენს. ასეთი ღონისძიებები საშუალებას გვაძლევს, ადგილობრივ ბაზარზე პოზიციები გავიმყაროთ და უფრო დიდი მოცულობით გავიდეთ ექსპორტზე. ამისთვის კი აუცილებელია, ქართული ჩაის ხარისხი გაიზარდოს და უფრო კონკურენტული გახდეს."
საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, დღეს ქართულ ჩაის შიდა ბაზრის 10-11% უკავია. ადგილობრივად წარმოებული ჩაის პროდუქციის დაახლოებით 90% ექსპორტზე გადის. საქართველოში დაახლოებით 20-25 ჩაის ფაბრიკა ფუნქციონირებს და ქართული ჩაის ბევრი კონკურენტუნარიანი ბრენდიც აქვს. საქართველოში წელიწადში დაახლოებით 4000 ტონაზე მეტი ჩაის პროდუქცია, სხვადასხვა ასორტიმენტითა და ხარისხით იწარმოება. პროდუქცია ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, ძირითადად, შუა აზიაში, ასევე უკრაინაში, აშშ-ში, ბალტიისპირეთში, გერმანიასა და ინგლისში გადის. სხვადასხვა ხარისხის ქართული ჩაის 1 კგ-ის ფასი 1.5 დოლარიდან 5-8 დოლარამდეა.
ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში თამაზ კუნჭულია მთავრობას ურჩევს, გაზარდოს ჩაის წარმოება. მისი თქმით, ხარისხიანი პროდუქციის წარმოების შემთხვევაში ქართული ჩაი ნებისმიერი ქვეყნის ანალოგიურ პროდუქტს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს.
ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში თამაზ კუნჭულია: "მსოფლიოში ჩაიზე მოთხოვნა იზრდება და, ამიტომ, ის ქვეყნები, რომლებიც ძირითადად ექსპორტს ეწეოდნენ - ინდოეთი, ცეილონი და თუნდაც ჩინეთი - გაზრდილი შიდა მოთხოვნის გამო, ექსპორტს ვეღარ გაზრდიან. ჩაის მსოფლიო ექსპერტები ამბობენ, რომ მსოფლიო ბაზრებზე ჩაის გატანის ყველაზე მეტი შანსი იმ ქვეყნებს აქვთ, რომლებიც ჩაის ყველაზე ნაკლებად მოიხმარენ. ასეთ ქვეყნებად დასახელდა საქართველო და კენია. ძველი გათვლებით, საქართველოში 64 ათასი ჰექტარი ჩაი იყო, მსოფლიო ბაზარზე საქართველოს 70-80 ათასი ტონა მზა პროდუქციის გატანა შეუძლია. ამ ტენდენციის შესაბამისად, ყველა ქვეყანამ ან წარმოება გაზარდა, ან ფართობები. მეჩაიეობის ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთია, რომელმაც ამ ტენდენციის ფონზე, შეამცირა როგორც ფართობები, ისე წარმოება.
თუ ჩაის ისე ვაწარმოებთ, როგორც ამას მსოფლიო სტანდარტები და აგროტექნიკა მოითხოვს, მაშინ ქართული ჩაი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში წარმოებულ ჩაის თავისუფლად გაუწევს კონკურენციას. თუ ჩვენ მსოფლიო კონკურენციაში ჩაბმა გვინდა, მწვანე ჩაი უნდა ვაწარმოოთ. იაპონიაში და ჩინეთში მწვანე ჩაი რომ მიიღონ, ბუჩქების დაჩრდილვას ახდენენ, ატარებენ სხვადასხვა სახის სამუშაოებს. ჩვენ ეს არ გვჭირდება, საქართველოში ბუნებრივად შეგვიძლია მივიღოთ მაღალი ხარისხის მწვანე ჩაი. ახლა ადგილობრივი ბაზრის დაახლოებით 15% გვიჭირავს და სჯობს, ჯერ ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ვიფიქროთ."
ქართული ჩაი საქართველოში ტრადიციული კულტურაა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ექსპორტზეც გადიოდა. 2010 წელს ქართული ჩაის ექსპორტი სომხეთში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, მონღოლეთში, მოლდოვაში, უკრაინაში, ბელორუსში, ჩეხეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადასა და ინდოეთში განხორციელდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ ტრადიციული დარგის განვითარებისთვის ყველა იმ ღონისძიებას უჭერს მხარს, რომელიც ქართულ ჩაის ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე პოპულარიზაციაში დაეხმარება.
სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/business/2011-12-10/22999.html