ლეგენდა
მოგვითხრობს, რომ ოდესღაც ჩინეთში ცხოვრობდა ბუდას მიმდევარი ბრძენი ბერი
დარამა. იგი მთელ დღეებს ლოცვაში ატარებდა. ერთხელ დარამას ბუდა ესიზმრა და
ამით გაოცებულმა და აღფრთოვანებულმა ბერმა პირობა დადო, რომ დღე და ღამე
თვალმოუხუჭავად ილოცებდა. ამ აღთქმის შესრულება დარამამ ვერ შეძლო –
ერთხელაც თავი ვეღარ შეიკავა და ჩაეძინა. როდესაც გაიღვიძა, მიხვდა, რომ
დაარღვია თავისი პირობა, ყველაფერში დამნაშავე კი მისი ქუთუთოები იყო…
ბერმა მოიჭრა ქუთუთოები და მიწაზე დაყარა. გაზაფხულზე იმ ადგილას ბუჩქი
ამოვიდა, რომლის ფოთლებსაც საოცარი თვისება ჰქონდა – ძილს აფრთხობდა. ასე
გაჩნდა ქვეყნად ჩაი. მისი სამშობლო ჩინეთია და ამ საოცარ სასმელს ჯერ კიდევ
5000 წლის წინ მიირთმევდნენ ჩინეთის მკვიდრნი.
ათასწლეულების მანძილზე ჩაი ცნობილი იყო მხოლოდ აზიაში, ევროპაში კი XVI საუკუნეში შემოვიდა.
დღესდღეობით…
ჩაის ყველაზე დიდ მწარმოებლებად ითვლებიან ჩინეთი, ინდოეთი და შრი-ლანკა.
ჩაის მრავალი სახეობა არსებობს – შავი, თეთრი, წითელი, ყვითელი, მწვანე.
მათ დამუშავების ტექნოლოგიისა და ხარისხის მიხედვითაც განასხვავებენ.
პოპულარულია ასევე ჩაი სხვადასხვა დანამატებით, მაგალითად – ჟასმინით,
ვარდით, მანგოთი და სხვა. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის სახეობად
ითვლება ბაიხის ჩაი, რომლის შემადგენელი კომპონენტი უმეტესად ტიპსი ანუ
ბუსუსებიანი კვირტია. შავ და მწვანე ჩაის ზუსტად ერთი და იმავე ბუჩქიდან
კრეფენ, შავ ჩაის დამუშავების შედეგად იღებენ, მწვანე ჩაი კი უფრო ნაკლებ
დამუშავებას საჭიროებს და, შესაბამისად, უფრო მეტად ინარჩუნებს სასარგებლო
თვისებებს. მწვანე ჩაი ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ისეთ დაავადებათა
წინააღმდეგ, როგორიცაა ღვიძლის ქრონიკული ანთება, დიზენტერია, მაღალი
არტერიული წნევა. ეს სასმელი დადებითად მოქმედებს სისხლმბად ორგანოებზე და
გამოიყენება როგორც ანტიდეპრესანტი. მართალია, დღეს პაკეტებში დაფასოებული
ჩაი უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომია, მაგრამ ამ ჯადოსნური სასმელის
განუმეორებლი არომატის შესაგრძნობად უმჯობესია, დასაყენებელი ჩაი შეიძინოთ.
წყარო:24saati.ge
No comments:
Post a Comment